Monday, January 22, 2018

თოვლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოთხ სამთო კურორტზე, ბავშვთა ღონისძიებები მოეწყობა!

21 იანვარს, თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება და ამ დღეს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) ორგანიზებით, სამთო კურორტებზე: გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძის უღელტეხილი, გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, მათ შორის, შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი ბავშვი შეძლებს მონაწილეობას. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით, უკვე მეშვიდე წელია, იანვარში, თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება. რა მნიშვნელობა აქვს მსგავს მსოფლიო ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოსთვის, როგორია ღონისძიებების განრიგი და როგორ შეუძლიათ მათზე მოხვედრა მსურველებს – მარკეტერი, როგორც ღონისძიების მედია პარტნიორი, ამ საკითხებზე სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტს – ეკა გაბაშვილს ესაუბრა:

ეკა გაბაშვილი
M: მერამდენე წელია, რაც საქართველო აღნიშნავს თოვლის მსოფლიო დღეს და რა მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ქვეყნისათვის?
7 წლის წინ, საერთაშორისო სათხილამური ფედერაციის გაერთიანებულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს სათხილამურო ფედერაცია რეგულარულად იღებს ხოლმე მონაწილეობას, ახალგაზრდა თაობის მიერ, გაჟღერდა ინიციატივა, რომ ერთი დღე დაწესებულიყო როგორც საყოველთაო ზეიმი, რომელშიც ჩაერთვებოდნენ ბავშვები. ეს ინიციატივა
ჩაითვალა საინტერესოდ და პირველივე წელს, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. პირველ წელს, ჩვენთან, ეს დღე აღინიშნა გუდაურში და ბეთანიის სასრიალო კურორტზე. რადგან ეს არის საერთაშორისო მოვლენა, საერთაშორისო საიტებზე ყოველ წელს, საქართველო ინთება, როგორც ამ პროცესში მონაწილე ქვეყანა. სამთო ტურიზმის განვითარების მხრივ, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საერთაშორისო საიტებზე, ადამიანებმა, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ საქართველოსთან, შესაძლოა იპოვნონ ახალი, ამონათებული ადგილი, რომელიც სამთო-სათხილამურო მიმართულებით განვითარებული და საინტერესოა.
M: რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი თოვლის დღე და როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ ადამიანებს ღონისძიებაში მონაწილეობა?
თოვლის მსოფლიო დღე არის ყველასთვის, ვისაც თოვლი უყვარს. ღონისძიებებზე დაგეგმილი გასართობი აქტივობები კი, ძირითადად, 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სწორედ ეს ასაკია, სამყაროს შეცნობისა და აღქმის აქტიური პერიოდიდან გამომდინარე. ბაკურიანში ამ დღისთვის წელს სპორტსკოლები გაერთიანდნენ და აღნიშნავენ. აჭარის მთებში, კერძოდ, გოდერძის უღელტეხილზე, აჭარის სათხილამურო ფედერაციამ აიღო ინიციატივა. ჩვენ კი აქვე, გუდაურში გადავწყვიტეთ თოვლის მოყვარულების გაერთიანება. იქნება სიმღერა, საშობაო ორცხობილების მოხატვა, სახალისო შეჯიბრი პატარებს შორის და დღის ბოლოს, „თოვლის პარკში“ გაიმართება თავისუფალი სრიალის შოუ, რომელიც სპეციალურად თოვლის დღისთვის გაერთიანებული ბავშვებისთვის მოეწყობა.
M: გარდა საქართველოსი, რომელი ქვეყნები მონაწილეობენ საერთაშორისო ღონისძიებაში? 
თოვლის მსოფლიო დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის კი, ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.
M: ვინ არიან საქართველოში თოვლის მსოფლიო დღის მხარდამჭერები?
ღონისძიება ხორციელდება კომპანია „სილქნეტის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, ასევე, დეველოპერული კომპანია „რედკოს“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის მხარდაჭერით. კომპანია „სილქნეტი“ იყო პირველი, რომელიც სახელმწიფოს სათხილამურო პროცესების დაფინანსებაში შეუერთდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თანამშრომლობა, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობის კუთხით. ბოლო ერთი წელია, მას სხვა კომპანიებიც შეუერთდნენ. ღონისძიების მედია მხარდამჭერია Marketer.ge.
M: როგორია ღონისძიებების განრიგი?
გუდაურში 21 იანვარს 12:00 სთ.-ზე გონდოლების მოედანზე, რედკოს ქალაქთან საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, კომპანია ,,სილქნეტთან“, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან და კომპანია ,,რედკოსთან“ ერთად ბავშვთა გასართობ ღონისძიებას გამართავს.
4-დან 14 წლამდე ბავშვთა შორის გასართობი შეჯიბრება ჩატარდება. ღონისძიებაში, ყველა მსურველთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს: ,,კულინარიის სკოლა ,,კარამელი“, ,,ბასტი ბუბუს“ მომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფი ,,გასართობი ავტობუსი“. ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრებიან. ტრასაზე საშეჯიბრო კარების ნაცვლად, საბავშვო ბანერები (თაღები) იქნება განლაგებული. ბავშვებს კი სპეციალურად თოვლის მსოფლიო დღის აღსანიშნავი სასტარტო ნომრები ეცმევათ, საჩუქრებად კი მიიღებენ მაისურებს ლოგოთი – ,,თოვლის მსოფლიო დღე“. ამავე დღეს, ბაკურიანში 17:00 სთ-ზე ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან ერთად ეპატიჟება ბავშვებს ,,ჯოილენდში“, სადაც სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

No comments:

Post a Comment